სალომე უგულავა ლალი ცერცვაძე ქრისტინა ფარჯიანი
სინდი რამერი, 58 წლის ქვრივი აიოვადან, სულიერად დაავადებულთა სამკურნალო ცენტრში მედდად მუშაობს, თავად კი სამი წელია ექიმთან გამოკვლევაზე არ მისულა. მისმა დამქირავებლებმა თანამშრომლებს დაზღვევა სწორედ სამი წლის წინ შეუწყვიტა იმ მიზეზით, რომ საკმარისი თანხა არ ჰქონდათ. ვერც თავად სინდიმ დააზღვია თავისი ჯანმრთელობა, რადგან პაკეტის ღირებულება გაცილებით უფრო სწრაფი ტემპით იზრდება, ვიდრე ხელფასები.
მაშინ, როცა თითქმის ყველა პენსიონერი და ბავშვების 90% დაზღვეულია, ყველაზე დიდისაფრთხის წინაშე სწორედ სამსახურის მქონე ადამიანები არიან. ROBERT WOOD FOUNDATION – ის კვლევები გვიჩვენებს, რომ სადღეისოდ სამსახურის მქონე ყოველი 5 ადამიანიდან 1 დაზღვევა არ აქვს. 90 -იანი წლების შუა ხანებში კი შვიდიდან ერთი ადამიანი იყო მსგავს მდგომარეობაში. იმ დროიდან მოყოლებული დაზღვევის არ მქონე ადამიანების რიცხვი 6 მილიონით გაიზარდა.
ამ ყველაფრის მიზეზი მაღალი ფასებია. ჯანმრთელობის დაზღვევის ღირებულების ზრდის ტემპი ბოლო წლებში ხელფასის ზრდისას 6-8_ჯერ აღემატა. სინდი რამერის ქმარი 2005 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. ის დიაბეტით იყო დაავადებული. ეს დაავადება კი გამოწერილ წამლებსა და მუდმივ სამედიცინო კონტროლს საჭიროებს. ჯიმ რამერი გზების დამგებ კომპანიაში მუშაობდა, მაგრამ ჯანმრთელობის დაზღვევა მაინც არ ჰქონდა. ამჟამინდელი ეკონომიკური კრიზისის პირობებში კი, როდესაც მილიონობით ადამიანი კარგავს სამსახურს, სიტუაცია კიდევ უფრო რთულდება.
სწორედ ამიტომ პრეზიდენტმა ობამამ და მისმა გუნდმა მოამზადა ჯანდაცვის სისტემის რეფორმის გეგმა, რომლის განხორციელებასაც 634 მილიარდი დოლარი სჭირდება და ეს თანხა 10 წელიწადზეა გადანაწილებული. ბოლო დღეებში კაპიტოლიუმ ჰოლსა და თეთრ სახლში ამ საკითხზე მოსალაპარაკებლად იკრიბებიან და სულ მალე გახდება ცნობილი, შეძლებს თუ არა პრეზიდენტი ობამა იმ მრავლისმომცველი რეფორმის გატარებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები ათეული წლებია ელის. მოლაპარაკებების უკან კი იდეოლოგიების, ინტერესის ჯგუფების, პოლიტიკური პერსონებისა და სენატორების სილუეტები იკვეთება.
რეფორმა სამი ნაწილისაგან შედგება : 1. გახადონ დაზღვევა ხელმისაწვდომი ყველასთვის. 2. ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ხარჯების შეამცირონ ტიპური ოჯახისთვის 2500 დოლარით წელიწადში. 3. მეტი ფული დახარჯონ “საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე”, იგულისხმება მომაკვდინებელი და სხვა მძიმე დაავადების პრევენციაზე ზრუნვა და უკვე დაავადებულების დახმარება. აგრეთვე მზადება ტერორისტული თავდასხმებისა და ბუნებრივი კატასტროფების მსხვერპლთა სასწრაფოდ დასახმარებლად.
გეგმის პირველი ნაწილის განსახორციელებლად, მთავრობა, პირველ რიგში, სადაზღვევო პაკეტების ფასის დაწევას თხოვს კერძო ფირმებს. გარდა ამისა, დაეხმარება მცირე ბიზნესებს, რომ მათ დაქირავებულთა ჯანმრთელობის დაზღვევა უზრუნველყონ. შეიქმნება ბირჟაც, სადაც კერძო სადაზღვევო კომპანიები გამოიტანენ თავის დაზღვევას და ნებისმიერს შეეძლება მათი შესყიდვა. 2500 დოლარის წლიურად დასაზოგად კი წამლებზე ფასმა უნდა დაიწიოს. ამისთვის განვითარებადი ქვეყნებიდან იაფი და ხარისხიანი პროდუქცია უნდა შემოიტანონ. გარდა ამისა, ბაზარზე შეჯიბრებითობის ხელშემშლელი ფაქტორები უნდა აღმოიფხვრას.
ჯანდაცვის რეფორმის განსახორციელებლად კიდევ ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და დასახვეწი. ზოგიერთი ექსპერტი მას ბუნდოვანსაც უწოდებს და გვთავაზობს სიას მთელი რიგი სადავო საკითხებისა. აქედან კი ყველაზე მნიშვნელოვანი შემდეგი სამია : 1. უნდა დააწესოს ფასები სახელმწიფომ თუ არა? ბრაიან დოუდი, ჯანდაცვის პოლიტიკის ექსპერტი, ამბობს, რომ ის, მართალია, უკმაყოფილოა სადაზღვევო კომპანიების პოლიტიკით, მაგრამ მაინც წინააღმდეგია სახელმწიფოს ჩარევისა კერძო სექტორში. მისი აზრით, ეს წამგებიანი იქნება კომპანიებისთვის და ბევრს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებს მალევე. HERITAGE FOUNDATION- ის ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში, რობერტ მოფიდი კი, კერძო სექტორის საქმეებში სახემწიფოს ჩარევას თავისუფალი ბაზრისა და პიროვნული არჩევანის შეურაცხყოფად მიიჩნევს.
მხარდამჭერები კი ამბობენ, რომ ფასების დაწევა სადაზღვევო პაკეტს ხელმისაწვდომს გახდის ნებისმიერისთვის და დისციპლინას შემოიტანს ბაზარზე. იაკობ ჰაჩერი, ბერკლის უნივერსიტეტიდან ამტკიცებს, რომ ამ შემთხვევაში კერძო სექტორი სახელმწიფოს “შეებრძოლება” და უფრო მოქნილი სისტემა შეიქმნება.
ამ ინიციატივას კერძო სადაზღვევო კომპანიები ეწინააღმდეგებიან, რადგან მიიჩნევენ, რომ, სახელმწიფოსთან შედარებით, არათანაბარ მდგომარეობაში არიან. გაზეთმა WALL STREET JOURNAL - მა კი 3888 ადამიანი გამოკითხა იმასთან დაკავშირებით, “უნდა შექმნას თუ რა სახელმწიფომ გეგმა, რომლითაც ის “შეეჯიბრება” კერძო სექტორს? 56 % – მა უპასუხა, რომ ისინი ამის წინააღმდეგნი არიან.
2. უნდა მოსთხოვოს სახელმწიფომ დაზღვევის შეძენა ყველას თუ არა? სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ყველა ჯანმრთელი ადამიანი არ იყიდის დაზღვევას მთავრობის მოთხოვნის გარეშე, რადგან ის საკმაოდ ძვირი ფუფუნებაა. თავის მხრივ, მთავრობა მზად არის, დაეხმაროს ადამიანებს, რათა შეიძინონ სასურველი პაკეტი. ამისთვის ისინი სუბსიდიებსაც გამოყოფენ. კრიზისის გამო სამსახურის დამკარგავ ადამიანებს 65 % -ს სახელმწიფო გადაუხდის. შეღავათები დაწესდება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანებისთვისაც. კრიტიკოსების აზრით, “სახელმწიფო დაზღვევამ” გადაჭარბებული მოხმარება შეიძლება გამოიწვიოს, რადგან, ამ შემთხვევაში, ჯანმრთელი ადამიანებიც ისარგებლებენ სამედიცინო მომსახურებით. გარდა ამისა, მეორე საკითხია, თუ რა კრიტერიუმით უნდა შეირჩეს ადამიანები, რომელსაც მთავრობა დაეხმარება. პრეზიდენტმა ობამამ განაცხადა, რომ ეს მათ წლიურ შემოსავალზე, ხელფასზე იქნება დამოკიდებული.
3. მესამე და, როგორც ზოგიერთი ექსპერტი ამბობს, ყველაზე მნიშვნელოვანი – საიდან უნდა მოიტანოს მთავრობამ 634 მილიარდი სულ უფროდაუფრო მზარდი დეფიციტის პირობებში ? HERITAGE FOUNDATION- ის ექსპერტები იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა, ხარჯებმა ერთ ტრილიონს მიაღწიოს, რადგან ობამას ადმინისტრაცია ადეკვატურად ვერ აფასებს ვითარებას და მათი ინიციატივების განხორციელება გაცილებით ძვირი დაჯდება. ამის ერთერთი გადაწყვეტა (და ჯერჯერობით ერთადერთი) გადასახადების გაზრდაა იმათთვის, ვისი წლიური შემოსავალიც 250 000 დოლარს აჭარბებს. ამ მიდგომის ნაკლი ისაა, რომ გადასახადების გაზრდა 30 – 90 მილიარდამდე ნამატს თუ მოიტანს იმის გათვალისწინებით, როგორ დასტრუქტურდება ცვლილება. გარდა ამისა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ არ შეიძლება რეფომის მთელი სიმძიმე ყველაზე მდიდრებს დააწვეს მხრებზე.
მოლაპარაკებების პროცესი კვლავ გრძელდება და ობამას გუნდი მზად არის მაქსიმალური ღიაობისთვის. სულ მალე კი ორი სენატორი წარდგება სენატში მოხსენებით ჯანდაცვის რეფორმაზე – დემოკრატებიდან მაქს ბაუკუსი, ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელებიდან კი ჩარლზ გრესლი აიოვადან.
სინდი რამერი , 58 წლის ქვრივი აიოვადან, კი ერთადერთ რამეს ითხოვს და ელის მთავრობისგან. მას არ უნდა უფასო დაზღვევა, მაგრამ უნდა ხელმისაწვდომი პაკეტი, რომლის ღირებულების დაფარვაც ყოველთვიურად მისი ხელფასის ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

ასეთი სტატიები ძალიან მიყვარს, ძალიან ცოცხლად არის ხოლმე აღწერილი, ყოჩაღ, თარგმანიც კარგია!